საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 18 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7 პროცენტს შეადგენს.
2009 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.4 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 9.4 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არსებული პროგნოზებით, გაზრდილია ინფლაციის კლებაზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. ფასების ზრდა განსაკუთრებით შემცირებულია ხანმოკლე მოხმარების საგნებზე, რაც ამცირებს მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინს.
ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპები კვლავ უარყოფითია, რასაც დაბალი საკრედიტო აქტივობაც უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკი, დამატებითი სახსრების მიწოდების მიზნით, უახლოეს პერიოდში ახალი ინსტრუმენტების ამუშავებას გეგმავს.
მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კვლავ პესიმისტურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაახლა გლობალური ეკონომიკის პროგნოზები, რის მიხედვითაც 2009 წელს მოსალოდნელია მხოლოდ 0.5-პროცენტიანი ზრდა, რაც, ორი თვის წინანდელ პროგნოზთან შედარებით, 1.7 პროცენტული პუნქტით დაბალია. ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები განსაკუთრებით ნაკლებია საქართველოს მეზობელი და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზებით, ასევე 2 პროცენტამდეა შემცირებული საქართველოს ეკონომიკის 2009 წლისათვის მოსალოდნელი ზრდის ტემპი.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 18 მარტს გაიმართება.