საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჭადრაკის ფედერაციამ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დღეს იაშვილის ბავშვთა კლინიკაში სისხლი გაიღეს. სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
„სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა გამოთქვეს ინიციატივა მოსულიყვნენ აქ და კოლექტიურად გამხდარიყვნენ სისხლის ბანკის დონორები. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ შესანიშნავი იდეაა, არამედ თითოეული ჯანმრთელი ადამიანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. მინდა ვთხოვო სადაზღვევო კომპანიებს, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, ზოგადად ყველას, შეუერთდნენ ჩვენს ინიციატივას და თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ ამ კეთილშობილურ საქმეში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ინიციატივას დღეს ჭადრაკის ფედერაციაც შეურთდა. უკვე ერთი წელია, რაც ეროვნული ბანკი ქართული ჭადრაკის მხარდასაჭერად აქტიურად თანამშრომლობს ფედერაციასთან. „როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენი სისხლით შესაძლებელი იქნებოდა პატარების დახმარება, გამოვეხმაურეთ ეროვნული ბანკის იდეას და მოვედით აქ სისხლის ჩასაბარებლად. პატარები ჩვენი მომავალია და ყველანაირად უნდა დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.