საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს საგადასახდელო ბალანსის 2007 წლის მესამე კვარტლისათვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს საგადასახდელო ბალანსის 2007 წლის მესამე კვარტლისათვის

28 დეკემბერი, 2007
2007 წლის მესამე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 382.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით მეტი გასუ­ლი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 9.5 პროცენტით ნაკლები – მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. საქონლით ვაჭრობა არის ყველაზე დიდი დეფიციტური კომპონენტი  მიმდინარე ანგარიშში, რომლის უარყოფითი სალდო 686.6 მლნ აშშ დოლარია, რასაც განაპირობებს იმპორტის მეტი მოცულობით ზრდა ექსპორტთან შედარებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის ტემპით ექსპორტი ა. წ. მეორე და მესამე კვარტლებში წინ უსწრებს იმპორტის ზრდის ტემპს. კერძოდ, 2007 წლის მეორე კვარტალში ექსპორტი გასული წლის ანალოგოურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 36 პროცენტით, ხოლო მესამე კვარტალში 33 პროცენტით, მაშინ როდესაც, იმპორტის ზრდის ტემპები ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად, შეადგენს 21 და 22 პროცენტს. მომსახურების ბალანსი, ტრადიციულად, დადებითია და 2007 წლის მესამე კვარტალში 84,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გაიზარდა როგორც მომსახურების ექსპორტი, რომელმაც 330.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით და ა.წ. მეორე კვარტალთან შედარებით 19.2 %–ით მეტი), ისე მომსახურების იმპორტი – 245.4 მლნ აშშ დოლარი (18.6 %–ით და 18.9 %–ით, შესაბამისად). მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება სატრანსპორტო მომსახურება (11.7 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 73.4 %–ით გასული წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და შემცირდა ა.წ. მეორე კვარტალთან შედარებით 43.1 %–ით), ტურისტული მომსახურება (78.3 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 52.0 %–ით და 45.4 %–ით შესაბამისად), ხოლო უარყოფითია სადაზღვევო მომსახურება (-24.1 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 28.8 %–ით და 14.4 %–ით შესაბამისად). შემოსავლის ბალანსი დადებითია და 2007 წლის მესამე კვარტალში 43.1 მლნ აშშ დოლარია. შემოსავლის კრედიტი, რომლის ძირითად ნაწილს მუშაკთა შრომის ანაზღაურება შეადგენს 140.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 46.5 %–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ და 25.4 %–ით მეტი წინა კვარტლის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი 140.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2.1 –ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 48.3 პროცენტით ნაკლები 2007 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, რომლის 93.1 პროცენტს საინვესტიციო შემოსავალი შეადგენს. მიმდინარე ტრანსფერტები საკმაოდ სოლიდურია და, მომსახურებისა და შემოსავლების ბალანსთან ერთად, ამცირებს საქონლის ბალანსით გამოწვეულ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. მიმდინარე ტრანსფერტების ბალანსმა 2007 წლის მესამე კვარტალში 176.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან მიღებულმა ტრანსფერტებმა - 195,9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაცემულმა _  -19.8 მლნ აშშ დოლარი.  კაპიტალური ტრანსფერები, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, 43.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და მეორე კვარტალთან 60.2 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო 21.3 პროცენტით– გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით. პირდაპირი ინვესტიციები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა და 413.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირველი სამი კვარტალის მონაცემების მიხედვით 2007 წელს ადგილი ჰქონდა პირდაპირი ინვესტიციების 46 პროცენტიან ზრდას. ინვესტიციების ასეთი მკვეთრი ზრდა, ძირითადად, გამო­წვეულია პრივატიზაციის პროცესით და ინვესტიციების განხორციელებით საბანკო და სამეწარმეო სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ინვესტიციების ზრდა საბანკო სექტორში. მესამე კვარტალში საბანკო სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 87 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბა, ხოლო პორტფელის ინვესტიციებმა სააქციო კაპიტალში 28.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  ნავთობსადენებისა და გაზსადენის მშენებლობის დამთავრე­ბას­თან დაკავშირებით ბიპ–ის წილი პირდაპირ ინვესტიციებში შემცირდა და მან მესამე კვარტალში დაახლოებით 7 პროცენტი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთმა ქართულმა ბანკმა განახორციელა საკმაოდ მნიშვნელოვანი, 75 მლნ აშშ დოლარის, პირდაპირი ინვესტიცია საზღვარგარეთ.    პორტფელის ინვესტიციები, როგორც ზემოთ ვახსენეთ, განხორციელდა სააქციო კაპიტალში და თან საკმაოდ დიდი მოცულობით. პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს რეზიდენტების მიერ ფასიან ქაღალდებში განხორციელებული პორტფელის ინვესტიციების დაფარვის პროცესი, რის გამოც პორტფელის ინვეტიციების წმინდა სალდომ მესამე კვარტალში 35.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა სხვა ინვესტიციების სალდო 151.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64.5 პროცენტით აღემატება. ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულმა სხვა ინვესტიციებმა კი 263.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათგან 95.9 პროცენტი სესხებზე მოდის. სარეზერვო აქტივები, 2007 წლის მესამე კვარტალში, ოპერაციული ცვლილებების გამო 222.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა,  რაც წინა კვარტალთან შედარებით 11.9 პროცენტით, ხოლო 2006 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.7 –ჯერ მეტია. საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტა გაიზარდა  223.1 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6.6 პროცენტით, ხოლო 2006 წლის მესამე კვარტალტან შედარებთ  8.9 –ჯერ მეტია.  
სხვა სიახლეები