საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანულ „პაშა ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მისცა
21 იანვარი, 2013
საქართველოს საბანკო ბაზარს კიდევ ერთი ბანკი „პაშა ბანკი საქართველო“ შეემატა. აღნიშნულ ბანკზე საქმიანობის ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2013 წლის 17 იანვარს გასცა.
„პაშა ბანკი“ აზერბაიჯანში ერთ-ერთ უდიდეს კერძო ბანკს წარმოადგენს და იგი ძირითადად კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული. მისი აქტივები 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 810 მილიონ დოლარს, ხოლო ბანკის განაღდებული კაპიტალი იმავე პერიოდისთვის 200 მლნ დოლარს შეადგენდა და აღნიშნული მაჩვენებლით აზერბაიჯანის საბანკო სისტემაში მეორე ადგილს იკავებდა.
ამჟამად საქართველოს საბანკო ბაზარი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, უკვე სამი აზერბაიჯანული ბანკი ფუნქციონირებს - სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო", ღსს „კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალი და სს „პაშა ბანკი საქართველო“.