საქართველოს ეროვნული ბანკი ძლიერ, დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტად ყალიბდება
დღეს საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სახით ქვეყანაში ყალიბდება ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანა ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობასთან ერთად, საბანკო და სადაზღვევო სფეროების თითოეული მომხმარებლის და ინვესტორთა უფლებების დაცვა იქნება.
კანონპროექტზე მუშაობისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთშორისო დაზღვევის ზედამხედველობის ასოციაციის სტანდარტები.
მიმდინარე მსოფლიო ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზად საზედამხედველო ორგანოების მიერ სისტემური რისკების ფაქტობრივად გაუთვალისწინებლობა სახელდება და ფინანსური სექტორის მარეგულირებლის ცენტრალურ ბანკთან არსებობის არახალი არგუმენტები გაცილებით მეტი დამაჯერებლობით წარმოჩინდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესებმაც დაადასტურა, რომ აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემა, ძლიერი კოორდინაცია ცენტრალურ ბანკსა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელს/ზედამხედველს შორის, ამ უკანასკნელის მიერ მაკროპრუდენციულია ანალიზისათვის მეტი ყურადღების დათმობა, სწორედ ამიტომ, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებები ეროვნულ ბანკზე გადადის.
ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებული საკითხია. სადაზღვევო სფერო საკმაოდ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც უკავშირდება როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კონკრეტულ მოქალაქეთა ინტერესებსა და უფლებებს. მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ, ამ მიმართულებით გადაუდებლად აუცილებელია უფრო ეფექტური რეგულირების დაწესება. ამჟამინდელი კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება საკმაოდ მოუქნელია და მხოლოდ ლიცენზიების გაცემითა და გაუქმებით შემოიფარგლება. რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობასა და განვითარებას. ეროვნულ ბანკს ეზრდება უფლებამოსილება სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, რომელიც ადეკვატურია სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონესთან და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროში განხორციელებული პროგრამების სათანადოდ შესრულებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
კანონპროექტი, აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აკისრებს სათანადო სანქციების გამოყენების უფლებამოსილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისადმი. საფინანსო სექტორის სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის გამო, მიზანშეწონილია სანქციების დაკისრების წესი და დასაკისრებელი სანქციების ოდენობა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. ეს უზრუნველყოფს სანქციების ადეკვატური ოდენობის მინიჭებას საფინანსო სექტორისადმი, მისი(მსოფლიო კრიზისისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე) სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
კანონპროექტის თანახმად, გაუქმდება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო, რაც გულისმხობს, რომ ეროვნული ბანკის ერთადერთი უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცენტრალიზებულად უხელმძღვანელებს და ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
დღესვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიში წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ის რომ ქვეყნის საბანკო სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნა და არ დაზარალდა ეროვნული ვალუტა და საფინანსო სისტემა, სწორედ ეროვნული ბანკის და მისი თანამშრომლების შრომის შედეგია.
საკანონმდებლო ორგანო “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტსა და ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშს კენჭს პარასკევს, პელნარულ სხდომაზე უყრის.