საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის მიმოქცევის ევროპულ სტანდარტებზე გადადის
22 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის მიმოქცევის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას აპირებს და ახალი დიზაინის 50 თეთრის ღირებულების მონეტის მოჭრის გარდა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 22 ივნისს 50-თეთრიანი მონეტის ახალი დიზაინის გამოსავლენი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. უახლოეს დღეებში საქართველოს ეროვნული ბანკი 41 ქვეყნის ზარაფხანებს, რომლებიც ფულის ნიშნებს ბეჭდავენ, 50-თეთრიანი და სხვა ფულადი ნიშნების დამზადებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვევებს გაუგზავნის.
კომისიამ 50-თეთრიანი მონეტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებულ მამუკა გონგაძეს ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე რეკომენდაცია გაუწია, 1- და 2-ლარიანი მონეტების დიზაინის მოსამზადებლად.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ფულის ყველა ნიშანი ახალ ერთიან კონცეფციას დაექვემდებარება, რომელიც ფულის მიმოქცევის საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ სტანდარტებს დაეფუძნება. მიმოქცევაში არსებული ფულის ყველა ნიშანი „ფულის ერთიანი ოჯახის კონცეფციის“ მიხედვით დამზადდება. რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკს განზრახული აქვს, მიმოქცევაში გაუშვას იმ ნომინალის ფულადი ნიშნები, რომლებიც ევროს გააჩნია.
რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი მომავალში 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დაბეჭდვასაც გეგმავს. ევროსტანდარტებზე გადასვლის პროცესი კი წლის ბოლოს მიმოქცევაში ახალი დიზაინის 50-თეთრიანი მონეტის გაშვებით დაიწყება, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალ წელს 1 და 2 ლარის ღირებულების ლითონის მონეტები მოჰყვება. აღნიშნული ნომინალის მონეტები არსებული ქაღალდის კუპიურების პარალელურად იქნება მიმოქცევაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულთან შედარებით უფრო მაღალი ნომინალის ლითონის მონეტების მოჭრის აუცილებლობა, ევროსტანდარტებზე გადასვლის გარდა, დაბალი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნების მაღალი ცვეთით და მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებითაც არის ნაკარნახევი, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში ფულის ნიშნების გამოშვებისათვის საჭირო ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ტოლფასი იქნება.
საქართველოში ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები არ არის „ფულის ერთიანი ოჯახის კონცეფციით“ შექმნილი. ცალკეული ნომინალის ფულის ნიშნების ფერები, ისევე როგორც ორნამენტები თუ სხვა მხატვრული ელემენტები, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება და არათავსებადია.