საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში მიმოქცევაში 3 ახალ მონეტას უშვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში მიმოქცევაში 3 ახალ მონეტას უშვებს

18 ნოემბერი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გაუშვებს ახალი მოდიფიკაციის 50 თეთრის და ლითონის 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტებს. ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში.   50 თეთრის, ერთი და ორი ლარის ნომინალის მონეტების ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო მეორე მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი. დაცვის მიზნით, მონეტებზე დატანილია მიკროელემენტი, რომელიც ძველი კოლხური თეთრის ანალოგიაა. სამივე მონეტის წიბო დაღარულია და გამოსახულია ორენოვანი წარწერა „საქართველო Georgia“. ორი ლარის ნომინალის მონეტის დამზადებისას გამოყენებულია ორფეროვანი ლითონი.   50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნება ანალოგიური ნომინალის ძველ მონეტასთან, ერთ და ორ ლარიანი მონეტები კი - შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.   საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ფულის ნიშანი ახალ ერთიან კონცეფციას დაექვემდებარება, რომელიც ფულის მიმოქცევის საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ სტანდარტებს დაეფუძნება.  ეროვნულ ბანკს განზრახული აქვს, სამომავლოდ მიმოქცევაში გაუშვას იმ ნომინალის ფულადი ნიშნები, რომლებიც ევროს გააჩნია. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის, გოჩა გორდეზიანის განცხადებით, მიმოქცევაში დღეს არსებულ მონეტებთან შედარებით უფრო მაღალი ნომინალის ლითონის ფულის მოჭრის აუცილებლობა, ევროსტანდარტებზე გადასვლის გარდა, დაბალი ნომინალის ბანკნოტების მაღალი ცვეთით და მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებით არის ნაკარნახევი, რაც გრძელვადიან პერიოდში ფულის ნიშნების გამოშვებისათვის საჭირო ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ლითონის და ქაღალდის ფულის ერთდროული მიმოქცევა მომხმარებლისათვის მოსახერხებელია. ახალი მოდიფიკაციის 50 თეთრის და ლითონის 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში 20 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება.
სხვა სიახლეები