საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 20.2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს
14 აპრილი, 2006
20.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მესამე შუალედური მიმოხილვის ფარგლებში გამოყო, საქართველოში უახლოეს პერიოდში გადმოირიცხება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროგრამის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა დადებითად შეფასდა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების 2006 წლის ეკონომიკური პროგრამის მთავარი მიმართულება ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ღონისძიებათა განგრძობაში მდგომარეობს. პროცესი ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნებას. საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას, ასევე კერძო ინვესტიციების განსახორციელებელი პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სრულყოფასა და სტაბილურ ენერგომომარაგებას.
საბჭოს წევრთა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში გრძელდება დადებითი ტენდენციები, რასაც ხელს უწყობს ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ინფლაციის კონტროლის კუთხით. საქართველოს ხელისუფლება ახდენს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის თანმიმდევრულ განხორციელებას და სტრუქტურული რეფორმების გატარებას. საგადასახადო რეფორმის ფონზე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კიდევ უფრო გაფართოვდა, რამაც ხელისუფლებას პრიორიტეტულ მიმართულებებზე ხარჯების ზრდის შესაძლებლობა მისცა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა დასკვნით, საქართველოს ფინანსური სექტორი დღეისათვის უფრო მდგრადი გახდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბანკების მდგომარეობა, სექტორის მარეგულირებელი სტრუქტურა და საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო რეჟიმი.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა 2005 წელს საქართველოში „საბანკო ბუმის“ წელი უწოდეს. ასეთი შეფასება ფულად-საკრედიტო სფეროში მიღწეულმა მაჩვენებლებმა განაპირობა. საქართველოში გაიზარდა კერძო სექტორისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მოიმატა შემოსავლებმა ბანკების აქტივებსა და სააქციო კაპიტალთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სესხები უმეტესად უცხოური ვალუტით, ძირითადად კი, აშშ დოლარით გაიცემა, 2005 წელს სამჯერ მოიმატა ლარით გაცემული სესხების მოცულობამ, შემცირდა დეპოზიტების დოლარიზაცია.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული დროული და სწორი პოლიტიკის შედეგად თავიდან იქნა აცილებული ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკის („ინტელექტბანკის“) გაკოტრება. საბჭოს წევრების შეფასებით, საბანკო ზედამხედველობა საქართველოში გაუმჯობესდა და უფრო აქტიური და ეფექტიანი გახდა.