საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სფეროში საქმისწარმოების ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დაცვით განხორციელების ინიციატივით გამოდის
28 ივნისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ენის ნორმების დაცვის, ეკონომიკური ტერმინოლოგიის დახვეწისა და ზუსტი ქართული შესატყვისის დამკვიდრების ინიციტივით გამოდის.
ეროვნული ბანკის საბჭომ შეიმუშავა დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შესახებ“, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საბანკო სფეროში საქმისწარმოების განხორციელებას ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დაცვით ითვალისწინებს.
როგორც ყოფით მეტყველებაში, ისე ოფიციალურ საქმისწარმოებასა და მიმოწერაში არც თუ იშვიათად შეხვდებით ქართული ენის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტებს. ეს ტენდენცია საგრძნობია ეკონომიკის სფეროშიც. დღეს, როდესაც ყალიბდება ახალი ეკონომიკური კულტურა, ჩნდება ახალი პროფესიები, ეკონომიკური ტერმინოლოგია გასცდა ეკონომიკური მეცნიერების ჩარჩოებს და თითქმის ყველა სფეროში დამკვიდრდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „ახალი ეკონომიკური კულტურის ჩამოყალიბების პროცესში, საბანკო და საფინანსო ლიტერატურაში დამკვიდრდა სიტყვები, რომლებიც უცხოურიდან პირდაპირ არის გადმოტანილი. ხშირ შემთხვევაში, უცხოური ეკონომიკური ტერმინები ან უკვე დამკვიდრებულია ქართულში, ან ახლა შემოდის და ქართული ანალოგი არ გააჩნია. ასეთი ტერმინების პირდაპირი გადმოტანა ენას ამახინჯებს. ქართულში არსებობს ზოგიერთი ეკონომიკური ტერმინის ზუსტი შესატყვისი, რომელთა გამოყენებაც არა მარტო მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიცაა. ქართული ლექსიკის უცხო სიტყვებით დატვირთვისა და უცხოური ტერმინების არასწორად ხმარების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დაცვის საქმეში“.
ქართული ენის ნორმების დაცვა საყურადღებოა იმითაც, რომ სწორად იქნეს გააზრებული ეკონომიკური დოკუმენტები და საკანონმდებლო აქტები, გამოირიცხოს მათი არაადეკვატური ინტერპრეტირება. დღეს არსებული დოკუმენტების ტექსტში ტერმინების გამოყენება არც თუ იაშვიათად იწვევს გარკვეულ სიძნელეებს, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია მათი მნიშვნელობის არცოდნასა და ტერმინთა აღრევასთან.
ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია, გაუმჯობესდეს დოკუმენტების შედგენის სტილი და საქმიანი ლექსიკა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. საქართველოს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული კომერციული ბანკები ვალდებულნი იქნებიან, საქმის წარმოება ქართულ ენაზე სალიტერატურო ნორმების დაცვით განახორციელონ.
პროექტის თანახმად, უნდა დაიხვეწოს საბანკო მიმოწერის, საქმის წარმოებისა და დოკუმენტაციის შედგენის სტილი, გამოირიცხოს ტერმინთა არაზუსტი მნიშვნელობით ხმარება და მაქსიმალურად შემცირდეს ისეთ უცხო სიტყვათა გამოყენება, რომელთა შესატყვისიც არსებობს ქართულში.
ბოლო პერიოდში იხმარება სხვადასხვა ცნებათა აღმნიშვნელი ახალი სიტყვები, რომლებიც ინგლისური ენიდან პირდაპირ არის გადმოტანილი და დამკვიდრებული როგორც პროფესიული ტერმინები (მაგალითად, სეკიურიტიზაცია (არალიკვიდური აქტივების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნა), დერივატივი (წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი), თარგეთირება (მიზნობრივი მაჩვენებლის წინასწარი დადგენა) და ა.შ.). ამგვარი ახლადშემოღებული ცნებების დამკვიდრება უნდა ხდებოდეს არა სპონტანურად, არამედ საბანკო სპეციალისტებისა და ენათმეცნიერების შეთანხმებით.
ქართული ენის ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რომელიც საბანკო სისტემის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს და მის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტში გამოყენებულმა ჯერ კიდევ დაუკანონებელმა ფორმებმა შესაძლოა სავალდებულო ხასიათიც მიიღოს. რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულ ბანკი უცხო ენიდან შემოტანილ ტერმინთა ზუსტი შესატყვისის დასადგენად და საბანკო-საფინანსო ლიტერატურაში ენის ნორმების დასაცავად ცნობილ ენათმეცნიერებსა და მეცნიერ-ეკონომისტებთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს“.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო შიდაუწყებრივი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია ქართველ ენათმეცნიერთა ფუნდამენტურ ნაშრომებზე და რომელმაც ქართული ენის ნორმების დაცვას და სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ტერმინოლოგიის მოწესრიგებას უნდა შეუწყოს ხელი.