საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის შესახებ ბროშურების სერიის გამოშვებას გეგმავს
05 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში ბროშურის – „საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარატმენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ. მისი განცხადებით, „აღნიშნული ცნობარით საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ბროშურების სერიის გამოშვებას, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობასა და ფუნქციებს შეეხება. თითოეული ბროშურა საბანკო საქმის ერთი კონკრეტული სფეროს თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს მიმოიხილავს“.
საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცნობარში მოკლედ არის წარმოდგენილი კომერციული ბანკების ზედამხედველობის საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ზოგადი პრინციპები, რომლებითაც საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს.
ცნობარში განხილულია საბანკო ზედამხედველობის საკვანძო საკითხები. იგი განკუთვნილია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ამ უწყებასთან თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებისა და საბანკო ზედამხედველობის თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.
ცნობარში ჩამოყალიბებულია საერთო აზრი საბანკო ზედამხედველობის მიზნების, კომერციული ბანკებისათვის ნებადართული საქმიანობის ძირითად მიმართულებებში საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის შესახებ, მინიშნებულია მათზე ყურადღების კონცენტრირების აუცილებლობაზე. თუმცა, აქვე ხაზგასმულია ის გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომ ზედამხედველობის ეროვნულ რეჟიმებს ერთმანეთისგან განასხვავებს თითოეული ქვეყნის ისტორია, სამართლებრივი და კულტურული გარემო, თავად საბანკო ინდუსტრიის განსაკუთრებული სტრუქტურა და დიაპაზონი. ცნობარში დაინტერესებული მკითხველი ასევე გაეცნობა საქართველოს კომერციული ბანკებისათვის დადგენილ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.