საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების ოპერაციების ჩატარებას იწყებს
27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის პირველი სექტემბრიდან რეფინანსირების ოპერაციების დაწყების შესახებ.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საფინანსო სისტემა ჭარბი ლიკვიდობით ხასიათდებოდა. ინფლაციის დონის სამართავად საქართველოს ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ამოღებას სადეპოზიტო სერტიფიკატების მეშვეობით ახდენდა. ამავდროულად, 7-დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოიყენებოდა პოლიტიკის განაკვეთის დასადგენად. ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა და საბანკო სისტემაში ჭარბი ლიკვიდობა არ შეინიშნება. მონეტარული მიზნებისათვის სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოყენება შეიზღუდა, რადგან მოცემული ინსტრუმენტისადმი ინტერესი შემცირდა, სანაცვლოდ – მოიმატა მოთხოვნამ მოკლევადიან ფულად რესურსებზე.
მოკლევადიან ლიკვიდობაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა გააჩინოს რისკები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობას. მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, მონეტარული ოპერაციების განხორციელებისათვის აამოქმედოს 7-დღიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი და დროებით შეაჩეროს 7-დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების ინსტრუმენტი. მოცემული ინსტრუმენტის მეშვეობით საქართველოს ეროვნული ბანკი მოახდენს მოკლევადიანი სახსრების განთავსებას აუქციონის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით.
რეფინანსირების ოპერაციებში გამოიყენება პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც განსაზღვრავს აუქციონის განაცხადის მინიმალურ პროცენტს, მაშინ, როდესაც 7-დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შემთხვევაში პოლიტიკის განაკვეთი განსაზღვრავს განაცხადების მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. აუქციონები ჩატარდება ყოველკვირეულად, ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს 91-დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონს, რომელიც კვლავაც დამხმარე ინსტრუმენტი იქნება და შეინარჩუნებს ფულადი ბაზრის სტაბილურობას.
რეფინანსირების ოპერაციები მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია ისეთ ცენტრალურ ბანკებში, როგორებიც არის ევროპის ცენტრალური ბანკი, ფედერალური სარეზევო სისტემა, ინგლისის ბანკი და სხვ. მოცემული ინსტრუმენტის ამოქმედება უზრუნველყოფს როგორც მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის, ასევე ქვეყნის საბანკო სექტორში ფინანსური სტაბილურობის ამაღლებას.