საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ მოდელზე გადადის
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ მოდელზე გადადის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების შემდეგ მინიმუმ კვარტალში ერთხელ გაიმართება ბრიფინგი, ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის სამეცნიერო ჟურნალის აღდგენაც.
დღვანდელ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.25 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა და დაგეგმილი 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ვარაუდი გამოთქვა:
„საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ჩვენ ასევე გვაქვს აპრილის წინასწარი მონაცემებიც. სამწუხაროდ ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჩვენ წლის ბოლოს 6-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავალთ. ამისი მიზეზი ერთის მხრივ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე შიდა ეკონომიკური ფაქტორებიც. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან. საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობს მთავრობასთან, ყოველდღიურად ვცვლით ინფორმაციას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით და ვაკეთებთ ინფორმაციის ანალიზს. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ბანკის ხელმძღვანელის განმარტებით, რამდენიმე დღეში საქართველოს სსფ-ის მისია ეწვევა და ეროვნული ბანკი მათთან ერთად გაივლის დღეისათვის არსებულ მაკროეკონომიკურ მონაცემებს და 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კლების მიმართულებით გადახედავს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.