საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.5 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.5 პროცენტამდე ამცირებს

18 მარტი, 2009

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 18 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად,  საშუალო წლიური ინფლაცია 8.7 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არსებული პროგნოზებით, გაზრდილია ინფლაციის შემცირებისაკენ მიმართული ფაქტორების გავლენა. ფასების ზრდა განსაკუთრებით შემცირებულია ხანმოკლე მოხმარების საგნებზე, რაც ამცირებს მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინს. მნიშვნელოვნად შემცირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებლებიც.

ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპები კვლავ უარყოფითია, რაც სავარაუდოდ ეკონომიკური აქტივობის შენელების ამსახველია. მოკრძალებულია ასევე ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც. საპროგნოზო მონაცემებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმპორტის მოცულობა, რამაც შეამცირა წნეხი ვალუტის გაცვლით კურსზე.

გასული კვირიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტი – სავალუტო აუქციონები აამოქმედა, რომელიც დამატებით მოქნილობას შეძენს გაცვლით კურსს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 15 აპრილს გაიმართება.

სხვა სიახლეები