საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6 პროცენტამდე ამცირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 15 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.
მარტში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1.6 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, საშუალო წლიური ინფლაცია 7.8 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა არსებული პროგნოზები, რომლის მიხედვითაც, წლის განმავლობაში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაციაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი რჩება ასევე ფასების შემცირებისკენ მიმართული ფაქტორების გავლენა. დაბალი რჩება ინფლაციის მოლოდინი. შემცირებას განაგრძობს საბაზო ინფლაციის მაჩვენებლებიც.
ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპები კვლავ უარყოფითია, რაც სავარაუდოდ, ეკონომიკური და ფინანსური აქტივობის შენელების ამსახველია.
ეროვნული ბანკის მიერ, გასული თვის დასაწყისში სავალუტო აუქციონების შემოღების შემდეგ გაიზარდა კურსის მოქნილობა, რამაც შეამცირა სპეკულაციური წნეხი სავალუტო ბაზარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირ ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აქტივობა, რაც აღნიშნული ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. მართალია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, მათ შორის ფულადი გზავნილების სახით, თუმცა უფრო მეტად არის შემცირებული იმპორტის მოცულობა, რამაც ასევე შეამცირა წნეხი გაცვლით კურსზე.
უკანასკნელი თვის განმავლობაში დასტაბილურდა ენერგომატარებლების ფასები საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, შეიმჩნევა აშშ–ს ეკონომიკური ვარდნის ტემპების შენელება. გარკვეული პოზიტიური ნიშნების გამოჩენის მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 13 მაისს გაიმართება.