საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 5.5 პროცენტამდე ამცირებს
21 ნოემბერი, 2012
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 21 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 5.5 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
ოქტომბერში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები. განახლებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბლა დარჩება.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორები ოქტომბერში მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების დონეზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. 2013 წელს გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასების დინამიკაზე.
წლის პირველ ნახევარში ზრდის ტენდენცია ჰქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება გაგრძელდა მესამე კვარტალშიც. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაფართოებას ასევე ხელს უწყობს ფულადი გზავნილებით შემოდინების ზრდის ტემპის შენელება, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპაში არსებული, ეკონომიკური ვითარება.
იქიდან გამომდინარე, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 19 დეკემბერს გაიმართება.