საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 5.25 პროცენტამდე ამცირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 19 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 5.25 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
ნოემბერში დაბალი იყო, როგორც წლიური სფი ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა სფი ინფლაციამ ნოემბერში -0.5% შეადგინა, რაც ძირითადად სურსათის ფასების შემცირებითა და წლის პირველ ნახევარში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით იყო განპირობებული. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ინფლაციის შემდეგი ექვსი-რვა კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია მომავალი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე (6%) დაბალი იქნება.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორები ნოემბერში ეკონომიკური აქტივობის მოთხოვნის მხრიდან შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების დონეზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მიუხედავად საბანკო სექტორში არსებული მაღალი ლიკვიდობისა და კაპიტალისა, სესხებზე დაბალი მოთხოვნის გამო კვლავ მოკრძალებულია საკრედიტო აქტივობა. მოთხოვნის შესუსტებას, ასევე, ხელს უწყობს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი ზრდის ტემპი. ამ უკანასკნელზე კი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს ტურიზმიდან შემოსავლების სტაბილური ზრდა.
საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ძირითადად პროდუქტებზე ფასები სტაბილურია. გლობალური კრიზისის გამო, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მცირდება როგორც ეკონომიკის ზრდის ასევე ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტორი, დამატებით ზეწოლას ახდენს საქართველოში ფასებზე შემცირების მიმართულებით.
იქიდან გამომდინარე, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2013 წლის 13 თებერვალს გაიმართება.