საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 4.5 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 4.5 პროცენტამდე ამცირებს

27 მარტი, 2013
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 27 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.5 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
 
დღეისათვის არსებული ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ინფლაციის შემდეგი ოთხი-ექვსი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. 

თებერვალში დაბალი იყო როგორც მთლიანი სფი ინფლაცია, ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა სფი ინფლაციამ თებერვალში -2.1% შეადგინა.

ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების (ელ. ენერგია და დასუფთავების მომსახურება) შემცირება. 

გასული წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის 2.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წლის ბოლოს ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე მიუთითებს. 

მოთხოვნის შემცირება ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს იანვარ-თებერვალში იმპორტის ზრდის შემცირებაც. 

თებერვალ-მარტში ქვეყანაში კვლავ დაბალი რჩება საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული და შიდა ერთობლივი მოთხოვნის შენელებას იწვევს. დაბალი სასესხო აქტივობა ასევე ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის საპროცენტო განაკვეთის არხს. 

იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 8 მაისს გაიმართება.

სხვა სიახლეები