საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 4.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 4.0 პროცენტამდე ამცირებს

20 ივნისი, 2013
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 19 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.0 პროცენტამდე შემცირების შესახებ. 

კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არ შეცვლილა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლის მიხედვით ინფლაცია წლის განმავლობაში კვლავ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს მომავალი წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება. მაისში მთლიანმა სფი ინფლაციამ -0.1% შეადგინა. თვის ინფლაცია კი 0.7%-ის დონეზე დაფიქსირდა. ფასების დინამიკაზე გავლენა მოახდინა ენერგომატარებლების გაიაფებამ და ხილისა და ბოსტნეულის სეზონურმა გაძვირებამ. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების ერთჯერადი შემცირება. 

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება, რაც გამოიხატა როგორც პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაში, ასევე ეროვნული ბანკის ოპერაციების გირაოს ბაზის გაფართოებაში, გარკვეულწილად უკვე აისახა გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, რაც, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებას უწყობს ხელს. დღეის მდგომარეობით საბანკო სისტემას გააჩნია დიდი ოდენობით ლიკვიდური რესურსი და კაპიტალი, რაც სესხებზე მოთხოვნის გააქტიურების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის საკრედიტო აქტივობის სწრაფ ზრდას. 

იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 14 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სიახლეები