საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75 პროცენტს შეადგენს.
2011 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა. წლიური ინფლაცია 10 პროცენტს შეადგენს. წლიურ ინფლაციაში კვლავ მაღალია სურსათის წვლილი და 9.1 პროცენტს შეადგენს. ივნისში კიდევ უფრო შემცირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაცია 0.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე დაბალია მომსახურების სექტორის ინფლაცია და 1 პროცენტს შეადგენს.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ბოლო პერიოდის დინამიკა ინფლაციის მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შემცირებაზე მიუთითებს. არსებული პროგნოზებით ინფლაცია მომდევნო წლის დასაწყისში შესაძლოა ჩამოცდეს მიზნობრივ დონეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკის დროულად დაწყება, რათა ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდეს მიზნობრივ დონეზე. განაკვეთის შემცირება პოლიტიკის შერბილებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდა ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებით გამოწვეული ინფლაციის შემცირება, ეროვნული ბანკი გააგრძელებს შერბილების პოლიტიკას.
ამასთან, კომერციული ბანკების გრძელვადიანი დაფინანსების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გრძელვადიანად ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის შემცირების შესახებ. ნარჩენი ვადიანობების მიხედვით ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 5 პროცენტამდე შემცირდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობზე საერთაშორისო ფასი საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნა სავარაუდოდ დადებითად იმოქმედებს საქართველოში პურპროდუქტებზე ფასების შემცირებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს განაპირობებდა, თანდათან მცირდება. შედეგად მესამე კვარტალში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 17 აგვისტოს გაიმართება.