საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს

21 დეკემბერი, 2011

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე შემცირების შესახებ.

ნოემბერში გაგრძელდა წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია და ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. კვლავ დაბალია საბაზო ინფლაცია (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) და 0.4 პროცენტს შეადგენს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.5% შეადგინა. თუმცა მთლიანი გამოშვების პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი მოთხოვნის აღნიშნული ზრდა ინფლაციის რისკებს არ შეიცავს.

მეოთხე კვარტალში ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი შენელდა, რაც აისახება შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტენდენციები მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს, შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება მომავალი წლის პირველ ნახევარში. ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდა, თუმცა პოლიტიკის უცვლელობის პირობებში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ნაკლები იქნება. შედეგად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო პოლიტიკის შერბილების გაგრძელების გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 18 იანვარს გაიმართება.

სხვა სიახლეები