საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 21 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.5 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, 2008 წლის საშუალო წლიური ინფლაცია 10 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ინფლაციაზე მოქმედი რისკები. 2009 წლის პირველ ნახევარში კვლავ მოსალოდნელია ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია.
M3 ფულადი აგრეგატის წლიური ზრდის ტემპი კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მცირედით გაიზარდა. გაიზარდა საბანკო დეპოზიტების მაჩვენებელიც, თუმცა ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა არ შეიმჩნევა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ინვესტიციების შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით 2009 წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქვეყანაში საგარეო შემოდინებების გარკვეული აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის გამოცოცხლებას.
მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კვლავ პესიმისტურია. გაურკვევლობა რჩება საერთაშორისო საფინანსო და სასაქონლო ბაზრებზე ფასების მოსალოდნელი დინამიკის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 18 თებერვალს გაიმართება.