საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

16 მარტი, 2011

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

2011 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. თებერვალში სამომხმარებლო ფასები 2.8 პროცენტით გაიზარდა. ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, თებერვლის ინფლაციაც ძირითადად სურსათის გაძვირების შედეგია, რასაც წლიურ ინფლაციაში 12.4 პროცენტული პუნქტი წვლილი უკავია. მომსახურების სექტორში ფასების წლიური ზრდა მხოლოდ 1.9 პროცენტს შეადგენს. გარე შოკებით გამოწვეული ინფლაცია დროებითი მოვლენაა. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია რამდენიმე თვეში დაიწყებს შემცირებას.

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ უკვე დაიწყო ეკონომიკაზე ასახვა, რაც ეროვნული თუ უცხოური ვალუტით სესხების გაცემის ტემპის შემცირებაში გამოიხატა. შედეგად წლის დასაწყისიდან სეზონურად შესწორებული ფართე ფულადი აგრეგატების ზრდა ნულთან ახლოსაა, ხოლო წლიური ზრდის ტემპები მცირდება.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთ სასურსათო საქონელზე (ხორბალი და შაქარი) ასევე ნავთობზე ფასების მცირედით კლების ტენდენცია აღინიშნება. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს სამომხმარებლო ფასების შემცირება.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 13 აპრილს გაიმართება.

სხვა სიახლეები