საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8 პროცენტზე ტოვებს

22 ივნისი, 2011

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 22 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

2011 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 14.3 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად მიწოდების მხრიდან წარმოქმნილი შოკების შედეგია. სურსათის გაძვირებას წლიურ ინფლაციაში 12.6 პროცენტული პუნქტი უკავია. სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები კვლავ დაბალია (1.7%), ასევე დაბალია მომსახურების სექტორის ინფლაცია და 1%–ს შეადგენს. შედეგად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის რისკები მცირეა.

კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არ შეცვლილა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია შემცირდება და წლის ბოლოსათვის 8%–ის ფარგლებში იქნება.

2011 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა წინა კვარტალებთან შედარებით შენელდა და 5.8%–ს გაუტოლდა, რაც მოთხოვნის ზრდის ტემპის შემცირებაზე მიუთითებს.

ივნისის თვეში გრძელდებოდა ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების ტენდენცია. არსებული პროგნოზებით ნავთობზე დაბალი ფასი მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება, რაც მოსალოდნელია, რომ აისახოს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა არსებული ტენდენციები ეროვნული ბანკი უახლოეს სხდომებზე განიხილავს მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების საკითხს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 20 ივლისს გაიმართება.

სხვა სიახლეები