საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

22 ივლისი, 2009

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 22 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.

ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 5.4 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და მთლიანად წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება.

კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მიღებული მონაცემები ეკონომიკის ზრდის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, შეიცვალა ეკონომიკის ზრდის ტემპის ეროვნული ბანკის პროგნოზები კლების მიმართულებით. არსებული შეფასებებით, 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტემპი 4 პროცენტზე მეტი იქნება.

ფულადი გზავნილების უკანასკნელი მონაცემები იმედისმომცემია. წინა თვესთან შედარებით ივნისში გაიზარდა სწრაფი ფულადი გზავნილების შემოდინება, აგრეთვე შემცირდა წლიური კლების ტემპი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს შიდა მოთხოვნის ზრდას და ეკონომიკის მასტიმულირებელ როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებები, რის მიხედვითაც ბიუჯეტის დეფიციტი საგრძნობლად იზრდება. კომერციული ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპების შემცირების ფონზე ბიუჯეტის ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსება განხორციელდება, მათ შორის, სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით. სახაზინო ვალდებულებების ბაზრის არსებობა ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლებას და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 19 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სიახლეები