საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

19 აგვისტო, 2009
  • საერთაშორისო ბაზრებზე დადასტურდა მოლოდინი ეკონომიკური ვარდნის შენელების შესახებ
  • საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.

ივლისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.1 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 4.6 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები შეიცვალა კლების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ აგვისტოს თვეში წლიური ინფლაცია უარყოფითი იქნება, ხოლო წლის ბოლომდე მოიმატებს და 3–4 პროცენტის ფარგლებში იქნება. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდება საბანკო სექტორში, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა. მიუხედავად უკანასკნელ პერიოდში გამოკვეთილი დეპოზიტების ზრდისა, საკრედიტო აქტივობა კვლავ დაბალი რჩება. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ეროვნულ ბანკში განთავსებული კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული ნაშთები. მოსალოდნელია, რომ არსებული ჭარბი ლიკვიდობა ხელს შეუწყობს დეპოზიტებზე და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

5 აგვისტოდან ფინანსთა სამინისტრომ განაახლა სახაზინო ვალდებულებების ემისია და დღევანდელი ვაჭრობის ჩათვლით ჩატარდა სამი აუქციონი. ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა და ემისია სრულად განთავსდა. შედარებით დაბალი იყო საპროცენტო განაკვეთები. საკრედიტო აქტივობის მოსალოდნელ ზრდასთან ერთად, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების გარკვეულ ზრდას ჰქონდეს ადგილი. მიმდინარე კვირიდან ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამოქმედდება მეორადი ბაზრის ელექტრონული სავაჭრო მოედანი, რაც აუცილებელი წინაპირობაა სახაზინო ვალდებულებების ლიკვიდურობის ზრდისა და ფულადი ბაზრის განვითარებისათვის.

საერთაშორისო ბაზრებზე დადასტურდა მოლოდინი ეკონომიკური ვარდნის შენელების შესახებ. ევროპის ორ ყველაზე მსხვილ ეკონომიკაში (გერმანია და საფრანგეთი), მეორე კვარტალში აღინიშნა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 16 სექტემბერს გაიმართება.

 

სხვა სიახლეები