საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 13 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.
სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.4 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 2.5 პროცენტს შეადგენს. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე აღინიშნა, წლიური ინფლაციის მომატება მოსალოდნელი იყო. დღეისათვის არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება.
სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ წინასწარი მონაცემებით 7 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ივლისის შემდეგ მიმდინარე წლის სექტემბერი პირველი თვეა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა მოგებით დაასრულეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კომერციული ბანკები უფრო გააქტიურდებიან სესხების გაცემის მხრივ.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ხელი შეუწყო იმპორტის შეზღუდვას და ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას, რამაც შეამცირა სავაჭრო დეფიციტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სახსრებისა და ინტერვენციების შემცირების შედეგად, სექტემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესუსტებასთან ერთად, ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (მაგ. ავსტრალიამ), თუმცა მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა არ ჩქარობს ეკონომიკის სტიმულირებაზე მიმართული პოლიტიკის შეცვლას, რადგან მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა ხანგრძლივი პროცესი იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.