საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

24 დეკემბერი, 2009

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 23 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს.

ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.7 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 1.9 პროცენტს შეადგენს. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.

მთლიანი შიდა პროდუქტის 2009 წლის პროგნოზი კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არ შეცვლილა და მინუს 4 პროცენტის მახლობლობაში იქნება, 2010 წელს მშპ–ს დადებითი 2 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი.

საბანკო სისტემაში დეპოზიტების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო კომერციულმა ბანკებმა გაააქტიურეს საკრედიტო ოპერაციები, რის შედეგადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნა ბანკების საკრედიტო პორტფელების ზრდა. მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საკრედიტო აქტივობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები მოელიან რეცესიიდან გამოსვლას, მაგრამ ამ პროცესის ხანგრძლივი ხასიათიდან გამომდინარე არ ჩქარობენ ფისკალური და მონეტარული სტიმულების შეჩერებას. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოცოცხლება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი უნდა იყოს. ამასვე ადასტურებს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდის პროგნოზები, რაც ინფლაციის ზრდის მიმართულებით ზეწოლას შექმნის.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 20 იანვარს გაიმართება.

    

სხვა სიახლეები