საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 20 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს.
2009 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.0 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 1.7 პროცენტს შეადგენს. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია 2010 წლის განმავლობაში 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. რეალური ეფექტური კურსი წლის განმავლობაში მერყეობდა და საბოლოო ჯამში გაუფასურდა 3.6 პროცენტით. საბანკო სექტორში შეინიშნება მოკლევადიანი ლარის რესურსის სიჭარბე, მაგრამ ამავე დროს არსებობს გრძელვადიანი ლარის რესურსის დეფიციტი.
ცალკეულ ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენით ადგილი აქვს ფასების მატებას. ამავდროულად, სეზონური ფაქტორების გამო შემცირებულია მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ლარის დროებითი სიჭარბე, რომელიც დაბალანსდა სამთავრობო ოპერაციებით.
ეროვნული ბანკის შეფასებით მთლიანი შიდა პროდუქტის 2009 წლის კლება 4 პროცენტზე მეტი იქნება, ხოლო 2010 წელს მშპ–ს ზრდა 2 პროცენტზე მეტია მოსალოდნელი. შეინიშნება ეკონომიკის აღდგენის ნიშნები, თუმცა ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისათვის აღდგენის ტემპი გაურკვეველია.
მოკლევადიან ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა შესუსტებულია, გადაცემის მექანიზმის ასამუშავებლად ეროვნული ბანკი გაააქტიურებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს, თუმცა მონეტარული პოლიტიკა რჩება მასტიმულირებელი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 17 თებერვალს გაიმართება.