საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

18 თებერვალი, 2010

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 17 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს.

2010 წლის დასაწყისში ფასების დინამიკას ძირითადად სეზონური ფაქტორები განაპირობებდა. იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.7 პროცენტი შეადგინა. ფისკალური სტიმულირებისა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების გააქტიურების შედეგად წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოთხოვნის ზომიერი ზრდა. საშუალოვადიან პერიოდში წლიური ინფლაცია 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.

იანვარში სწრაფი ფულადი გზავნილების შემოდინების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა. იმედისმომცემია აგრეთვე წლის დასაწყისში სავაჭრო სტატისტიკის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მოცულობა. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდას და სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას. ამავდროულად, კვლავაც დაბალია საბანკო სისტემაში საკრედიტო აქტივობა. შედეგად არ შეინიშნება ბანკების საკრედიტო პორთფელის სასურველი ზრდის ტემპი. რაც შიდა მოთხოვნის ასევე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპი, თუმცა ეროვნულ ვალუტით პრაქტიკულად მთლიანად მოკლევადიანი რესურსის ხარჯზე. საბანკო სისტემაში ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დეფიციტი აფერხებს ეკონომიკის დაკრედიტების ზრდას. აღნიშნულის საპასუხოდ ეროვნული ბანკი განიხილავს ახალი ინსტრუმენტების ამუშავებას, რომლის შედეგად კომერციულ ბანკებს უფრო მეტად შეეძლებათ ლარის მოკლევადიანი რესურსის გრძელვადიან რესურსად გარდაქმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში პირველად გამოუშვა ორწლიანი სახაზინო ობლიგაცია, რაც ასევე შეუწყობს ხელს გრძელვადიანი ლარის რესურსის გაჩენას.

ბოლო პერიოდში მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მაღალი მერყეობები ფიქსირდება, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობის ფასის ცვალებადობა, რაც კიდევ უფრო ზრდის  საერთაშორისო საფინანსო და სასაქონლო ბაზარზე ფასების მოსალოდნელი დინამიკის  გაურკვევლობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 17 მარტს გაიმართება.

 

 

 

 

სხვა სიახლეები