საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

14 აპრილი, 2010

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 14 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.

2009 წლის ბოლო კვარტალში, წელიწადნახევრიანი რეცესიის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა მშპ–ს წლიური ზრდა   –   0.4 პროცენტი.

2010 წლის მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.8 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში ეს მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.

აღსანიშნავია ფართო ფულადი აგრეგატების სწრაფი ზრდა.  M3 და M2 ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი აპრილის თვეში 30 პროცენტს აღემატება, რაც ძირითადად ბოლო თვეების განმავლობაში დეპოზიტების ზრდის შედეგია. დეპოზიტების ზრდა უმეტესწილად ვადიან დეპოზიტებზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ტენდენცი აღინიშნა ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ეტაპზე სესხების ზრდას შედარებთ ნელი ტემპი აქვს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა კიდევ უფრო გააქტიურდება საკრედიტო ბაზარზე.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გასააქტიურებლად აპრილის თვიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაატარებს. კერძოდ, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 10 პროცენტამდე გაიზრდება, რაც მიზნად ისახავს ლარის ფულადი ბაზრის განვითარებასა და ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის წახალისებას. ამასთან დამატებით დარეზერვებულ თანხაზე ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დაარიცხავს პოლიტიკის განაკვეთს.

ამავე პერიოდში ეროვნული ბანკი აამოქმედებს გარანტირებული რეფინანსირების ინსტრუმენტს ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, რაც მიზნად ისახავს ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებასა და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტურობის ზრდას. ამასთან საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული ინსტრუმენტის გირაოს ბაზის გაფართოვებას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ლარიზაციის ხელშეწყობისათვის. აგრეთვე რეფინანსირების სესხების ინსტრუმენტებისთვის ეროვნული ბანკი გამოიყენებს ბლუმბერგის სისტემას. ამას გარდა ეროვნული ბანკი 29 აპრილიდან გაააქტიურებს მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს – ერთდღიან სესხებსა და ერთდღიან დეპოზიტებს, რომლებიც შეამცირებენ ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მერყეობას.

სარეზერვო მოთხოვნებში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრების დარეზერვებას, რათა საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრები თანაბარ პირობებში ჩადგეს ადგილობრივ ბაზარზე მოზიდულ სახსრებთან. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა სექტემბრის თვიდან და მისი მიზანია საბანკო სისტემაში ლარიზაციის ხელშეწყობა, რაც აუცილებელია ეფექტური მონეტარული პოლიტიკისა და შედეგად სტაბილური ეკონომიკური გარემოს მისაღწევად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 25 მაისს გაიმართება.

 

 

სხვა სიახლეები