საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს

26 მაისი, 2010

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.

2010 წლის აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში ეს მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ბოლო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდამ, თავის მხრივ, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებლის ზრდა განაპირობა. უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს ჯერ კიდევ კლების ტენდენცია აქვს. ლარით სესხების ზრდა მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდისათვის, აგრეთვე ხელს შეუწყობს მომავალში ეკონომიკის საგარეო რისკის შემცირებას.

მარტისა და აპრილის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა იმპორტის მოცულობამ, რაც სესხების ზრდისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგია. ზრდის დინამიკაა ექსპორტის თვალსაზრისითაც. ნიშანდობლივია, რომ, წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე იმპორტი, თუმცა აბსოლუტურ გამოხატულებაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ბოლო ორი თვის განმავლობაში გაიზარდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მსხვილ საექსპორტო საქონელზე ფასების ზრდით. მარტის თვესთან შედარებით, აპრილში შედარებით შემცირდა ქვეყანაში სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები, თუმცა წლიური ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 20%–ს აღემატება. სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან ასევე გაიზრდება კერძო კაპიტალის შემოდინებაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 23 ივნისს გაიმართება.

სხვა სიახლეები