საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 3.75 პროცენტზე ტოვებს
06 ნოემბერი, 2013
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 6 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75 პროცენტს შეადგენს.
ოქტომბერში მთლიანმა სფი ინფლაციამ 0.2% შეადგინა. ფასების მატება ძირითადად სეზონურ პროდუქციაზე შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს 2014 წლის ბოლოს დაუახლოვდება.
მესამე კვარტალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა შეინიშნებოდა. თუმცა მოცემულ ეტაპზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაპი (გადახრა მისი პოტენციური დონიდან) უარყოფითი რჩება, რაც ფასების დონეზე შემცირების მიმართულებით ახდენს გავლენას. მოსალოდნელია, რომ გაპი ეტაპობრივად დაიხურება შემდგომი 6 კვარტალის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის დაახლოებას მიზნობრივ დონესთან.
შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ბანკების საკრედიტო აქტივობა ეტაპობრივად გამოცოცხლების პროცესშია, თუმცა სესხებზე მოთხოვნა კვლავ მოკრძალებულ დონეზე ნარჩუნდება, რაც აფერხებს პოლიტიკის ცვლილების ასახვას ეკონომიკაზე. შესუსტებულ მოთხოვნასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების კუთხით მოქმედებს ასევე მიწოდების მხარეს არსებული დროებითი (საბაზო ეფექტი, რეგულირებადი ფასების ცვლილება და სხვა) ფაქტორები.
დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორში, რაც გარკვეულწილად წახალისებას უწევს ერთობლივ მოთხოვნას. მესამე კვარტალში კვლავ მაღალი იყო ფულადი გზავნილებით შემოდინების ზრდის ტემპი და 14.1 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელია ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება ჯერ-ჯერობით სრულად არ არის ასახული რეალურ ეკონომიკაზე, საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 18 დეკემბერს გაიმართება.