საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, 8 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, 8 პროცენტამდე ამცირებს

24 დეკემბერი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2008 წლის 24 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 100 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელს ბოლო თვეების განმავლობაში კლების ტენდენცია ახასიათებს. ნოემბერში წლიური ინფლაცია 6.3%-ს შეადგენს. მნიშვნელოვნად შემცირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებლებიც. აღსანიშნავია, რომ სხვა პროდუქტებისაგან განსხვავებით მედიკამენტების ფასებს ზრდის ტენდენცია აქვს და ყველაზე დიდი წილი შეაქვს წლიურ ინფლაციაში.

ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობის შენელება უფრო თვალსაჩინოა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებისაკენ შეიცვალა და 2008 წლისათვის 2%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდის მიუხედავად, კომერციული ბანკები კვლავ ფრთხილად ეკიდებიან სესხების გაცემას. შესაბამისად, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი კლებულობს, რაც ერთობლივ მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით ზემოქმედებს. საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი, სავარაუდოდ, გააგრძელებს ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის შემცირებას, რაც ინფლაციის პროცესს ხელს შეუშლის. შედეგად მოსალოდნელია, რომ დისინფლაცია მომავალი წლის დასაწყისშიც გაგრძელდეს.

საქართველოზე მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა ლარის კურსის კორექტირებამ შეამსუბუქა. მომავალში, საგარეო შოკების შესუსტების მიზნით, გაცვლითი კურსის პოლიტიკა უფრო მეტად მოქნილი იქნება, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი ეცდება, თავიდან აიცილოს კურსის მკვეთრი რყევები.

კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კიდევ უფრო პესიმისტურია. გაიზარდა გაურკვევლობა კრიზისის შესაძლო შედეგებისა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არსებული პროგნოზებით, ნავთობის ფასს მომავალი წლის განმავლობაში კვლავ კლების ტენდენცია ექნება.

მსოფლიო კრიზისის გაძლიერების ფონზე და არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში მოსაქცევად, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არბილებს. იგი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 21 იანვარს გაიმართება.

სხვა სიახლეები