საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში უშვებს 50 და 100 ლარის ნომინალის ახალ ბანკნოტებს
08 ნოემბერი, 2004
საქართველოს ეროვნულ ბანკში 8 ნოემბერს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც საზოგადოებას სებ-ის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ წარუდგინა. ახალი მოდიფიკაციის ბანკნოტების პრეზენტაციის დღეს რამდენიმე ღირსშესანიშნავი თარიღი დაემთხვა: საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემა 15 წლის გახდა, 10 წელი შეუსრულდა საქართველოს ბანკების ასოციაციას, 130 წელი გავიდა საადგილმამულო ბანკის დაარსების შემდეგ. საქართველო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ზეიმობს, ხოლო ბანკირები ბოლო 5 წელია ამავე დღეს პროფესიულ თარიღს „ბანკირის დღეს“ აღნიშნავენ. ირაკლი მანაგაძის ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან მიმოქცევაში გადის ახალი მოდიფიკაციის გაუმჯობესდებული 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. ახალ ბანკნოტებზე დატანილია დამატებითი დამცავი ნიშნები ლარის გაყალბების თავიდან აცილების მიზნით. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ფულადი ნიშნების მოდიფიცირება, დიზაინის, დამცავი მექანიზმისა და ხარისხის სრულყოფა, დაზიანებული და გაცვეთილი ბანკნოტების ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და ის არ გულისხმობს ფულადი მასის დამატებით ემისიას. ეს ღონისძიება ემსახურება მოსახლეობის ინტერესების დაცვას ვალუტის გაყალბებისაგან და ნაღდი ანგარიშსწორების პრობლემების თავიდან აცილებას. ეროვნული ვალუტის ბანკნოტები ხარისხისა და დაცულობის თვალსაზრისით სრულიად შეესაბამება ფულის საერთაშორისო სტანდარტებს. 50 და100 ლარიანი ბანკნოტების დიზაინშიც შესულია გარკვეული ცვლილებები, რომელიც, ირაკლი მანაგაძის შეფასებით მიმზიდველია ესთეტიური თვალსაზრისითაც, განაცხადა ი.მანაგაძემ. 1, 2, 5, 10 და 20 ნომინალის ლარის ახალი მოდიფიცირებული ბანკნოტები მიმოქცევაში 2002 წლიდან გავიდა. აღნიშნული ფულის ნიშნები სრულყოფილად ასრულებენ ფულის მიმოქცევის ფუნქციას. 9 ნოემბრიდან კი საქარველოს ეროვნული ბანკი ბრუნვაში უშვებს 50 და 100 ლარის ნომინალის შესაბამის ფულად ნიშნებს, რომლებიც ქვეყნის ფულის მიმოქცევის თავისებურებისა და ძველი ბანკნოტების ბრუნვის პროცესში მათთვის დამახასიათებელი ხარვეზების გათვალისწინებით გაცილებით მაღალი სიმკვრივისა და ხარისხის ქაღალდზე დამზადდა, დაიფარა დაბინძურების საწინააღმდეგო გამჭირვალე, მიკროსკოპული სისქის ლაკით, რომელიც ამაღლებს ბანკნოტის ხარისხსა და მნიშვნელოვნად ზრდის მიმოქცევაში მათი ბრუნვის ხანგრძლივობას.50 და 100 ლარის მოდიფიცირებული ბანკნოტების გამოშვების მიზანია მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების ისეთი ბანკნოტებით შეცვლა, რომელთა ხარისხი და დამცავ მექანიზმებში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში ყალბი ფულის გავრცელების შესაძლებლობის შემცირებასა და ამ მხრივ მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ისე მიმოქცევაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის რამდენადმე გაზრდას. 50 და 100 ლარის ბანკნოტების დიზაინში დაიხვეწა შრიფტი, ფიგურირებს ინტენსიური ფერები, სრულყოფა განიცადა მხატვრულმა გამოსახულებებმა, ორნამენტულმა ბადეებმა და ფონებმა, შეიცვალა გამოშვების წელი და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ამის შედეგად ლარის ახალი ბანკნოტები ძველთან შედარებით ვიზუალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მეტად სრულყოფილი გახდა.გაყალბებისაგან დაცვის თვალსაზრისით ახალი მოდიფიკაციის ბანკნოტებისათვის შეირჩა ისეთი ახალი პროგრესული დაცვის საშუალებები როგორიცაა:ჰოლოგრამა - შეიცავს გაყალბებისაგან დაცვის საიმედო მექანიზმს – აქვს მეტალის ბზინვარე ეფექტი, ახასიათებს ფერთა ცვალებადობა, დატანებული გამოსახულების სივრცითი აღქმა და წარმოადგენს საუკეთესო დაცვას კოპირებით გაყალბებისაგან. ოპტიკურად ცვალებადი მელანი – საღებავის უნიკალური მახასიათებელი, რომელსაც აქვს ფერების ცვალებადობის ეფექტი და წარმოადგენს ბარიერს ყალბის მქნელებისათვის.ირისისებული ზოლი – ბანკნოტის უკანა მხარეს ქაღალდის ზედაპირზე მოთავსებული გამჭვირვალე, სადაფისებური ეფექტის მრავალფერიანი ზოლი წარწერით - ,,GEL” .გარდა ამისა, დაცვის მექანიზმი გაუმჯობესდა იმ ნაწილშიც, რომელიც ძირითადად განკუთვნილია საბანკო და ნაღდ ფულთან მომუშავე სპეციალისტებისათვის, რაც აუცილებლად გაზრდის ყალბი ბანკნოტების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას. უახლესი ფერადი კოპირებადი მოწყობილობების, პრინტერების და პერსონალური კომპიუტერების გამოყენებითაც კი შეუძლებელია ისეთი მანქანის საკითხავი დამცავი ნიშნების გაყალბება როგორიცაა - ინფრაწითელი ნათება და მაგნიტური ნუმერაცია და სხვა.იმისათვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ახალი ბანკნოტების დამცავი მექანიზმების შესახებ, ეროვნული ბანკი მედიის საშუალებით წარმართავს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, სადაც საზოგადოებას გააცნობს ახალ ბანკნოტებს და ლარის გაყალბებისაგან თავდაცვის აუცილებელ წესებს.