საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციის შეგროვების სისტემის ITRS-ის (საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემა) დანერგვას გეგმავს
საგარეო სექტორის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვის მიზნით, ეროვნული ბანკი 2009 წლის იანვრიდან გეგმავს ინფორმაციის შეგროვების სისტემა ITRS-ის (საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემა) დანერგვას. აღნიშნული სისტემა გულისხმობს საგადასახდელო ბალანსის ოპერაციების ჭრილში მონაცემების შეგროვებას საბანკო სისტემის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, ეროვნული ბანკის რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური მრჩეველი (საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) ნატალია ივანიკი და კომერციული ბანკების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა ITRS სისტემის გამოყენების უპირატესობები და მისი დანერგვის ტექნიკური საკითხები.
შეხვედრაზე გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების წარმომადგენლების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის ამოცანა იქნება, განიხილოს და სრულყოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების სისტემის დიზაინი, რათა გათვალისწინებულ იქნეს კომერციული ბანკების მოთხოვნები როგორც მონაცემების, ასევე ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. ჯგუფის მუშაობა გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში.
ახალი სისტემით პირველი ერთკვირიანი საცდელი კვლევის ჩატარება დაგეგმილია ივლისში.