საქართველოს ეროვნული ბანკი თანამედროვე ეკონომიკური გამოკვლევების ოფიციალურ პროგრამას აცხადებს
02 თებერვალი, 2007
ეკონომიკური კვლევების დონის ამაღლებისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს 2007–2008 წლებისათვის თანამედროვე ეკონომიკური გამოკვლევების ოფიციალურ პროგრამას. პროგრამის მიზანია ქვეყანაში ეკონომიკური კვლევებისათვის ფართო ხასიათის მიცემა, მათი ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შრომების წარდგენა დაიწყება 2007 წლის თებერვლიდან, წინასწარ განსაზღვრული სფეროებისა და დარგების მიხედვით. მათი შერჩევა მოხდება კონკურენტრულ საფუძველზე და გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება, როგორც ეროვნული ბანკის სამუშაო სტატია (working paper).
საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით განხორციელებული ეკონომიკური კვლევების პროგრამის მიზანი იქნება ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევა კონცენტრირებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე – ფულად–საკრედიტო პოლიტიკის, საფინანსო ბაზრებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე. ეკონომიკური კვლევების პროგრამის განხორციელებაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან. მისი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერ მკვლევარებს უზრუნველყოფს ფულადი და სხვა სახის დახმარებით (საჭირო მონაცემებითა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჩათვლით).
ეკონომიკური კვლევების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ინგლისურენოვანი კვლევითი გამოცემის – საქართველოს ეროვნული ბანკის სამუშაო სტატიების ციკლის შექმნა. აღნიშნული გამოცემის სარედაქციო საბჭოში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო დონეზე აღიარებული უცხოელი ეკონომისტებიც შევლენ, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეკონომიკური განათლებისა და კვლევების კონსორციუმის, ჰოლანდიის ცენტრალური ბანკისა და აშშ-ის ვილიამს კოლეჯის ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები. ამასთან, პროგრამის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდება პროფესიონალი ქართველი ეკონომისტების ჯგუფი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური კვლევების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.