საქართველოს ეროვნული ბანკი ე.წ. “ხორბლის გარანტიების” საკითხს განსახილველად სამართალდამცველ სამსახურებს გადასცემს
16 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 16 სექტემბრის სხდომაზე ე.წ. “ხორბლის გარანტიების” საკითხი განიხილა. საერთო ჯამში დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გარანტიები ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 1996 წელს გაიცა. დღეისათვის, ნაწილობრივი ან სრული დავალიანება ხუთ ორგანიზაციასა და კომპანიას გააჩნია. დავალიანების ძირითადი თანხა ამჟამად 10 მილიონ აშშ დოლარამდეა. ეროვნული ბანკის საბჭომ მოისმინა ინფორმაცია დავალიანებების ამოღების პროცესის თაობაზე და მოკვლევისათვის სამართალდამცველი სამსახურებისათვის ე.წ. “ხორბლის გარანტიების” საკითხის გადაგზავნა გადაწყვიტა.
დღესვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტის 2005 წლის 6 თვის შესრულების მიმდინარეობისა და მასში შესატანი ცვლილების თაობაზე.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომის ბოლოს საბჭოს წევრებმა ეროვნული ბანკის სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროგრამა განიხილეს.