საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ზემოხსენებულ დაწესებულებებს შორის მყარ და გრძელვადიან პარტნიორობას ითვალისწინებს.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს საქართველოში თანამედროვე ეკონომიკური განათლების ხელშეწყობისა და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებისათვის. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს აკადემიური და პროფესიული შეხვედრების, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების კუთხით თანამშრომლობასაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს წამყვანი ეკონომიკური და ბიზნესის პროფილის მქონე უმაღლეს სასწავლებლებთან. დღეს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ თანამშრომლობის კარგი დადასტურებაა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუწევენ დახმარებას დამოუკიდებელი კვლევების წარმოების საქმეში. სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება ისარგებლონ ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზითა და საბიბლიოთეკო რესურსებით. ერთობლივი მცდელობებით ჩვენ შევძლებთ მეტი პოპულარიზება გავუკეთოთ ეკონომიკური ცოდნის და კვლევების გავრცელებას და გაღრმავებას საქართველოში".