საქართველოს ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობენ

13 სექტემბერი, 2010

13 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზების დასახვაა, 20 ქვეყნის ცენტრალური ბანკის  40 წარმომადგენელი მონაწილეობს. შეხვედრის მიზანია მონაწილეებს გააცნოს საბაზრო რისკებისა და შემოსავლიანობის შეფასების თანამედროვე მიდგომები, ინსტრუმენტები და მათი პრაქტიკული გამოყენების მეთოდოლოგია. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმებით აშკარა ლიდერია რეგიონში: „სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თბილისი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების ადგილად“  

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა. „განვლილმა კრიზისებმა აჩვენა რისკების ეფექტურად მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველომ ბოლო წლებში არაერთი შოკი გადაიტანა, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. მიუხედავად საომარი მოქმედებებისა და საერთაშორისო ფინანსური კრიზისის ზეგავლენისა, ჩვენ შევძელით პრობლემების მოგვარება და ამავდროულად, საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება. ფინანსურმა სექტორმა დაძლია კრიზისი და ეკონომიკა კვლავ განაგრძობს ზრდას. ამის მიღწევა კრიზისებისა და რისკების ეფექტურად მართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამუშაო შეხვედრის გახსნისას.

გიორგი ქადაგიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ღონისძიების თბილისში გამართვისათვის: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება  სასარგებლო იქნება ყველასათვის“

 

 

სხვა სიახლეები