საქართველოს ეროვნული ბანკი და „დოიჩე ბუნდესბანკი“ თანამშრომლობას გააღრმავებენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და „დოიჩე ბუნდესბანკი“ თანამშრომლობას გააღრმავებენ

07 დეკემბერი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით თბილისში იმყოფება გერმანიის  „დოიჩე ბუნდესბანკის“ ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი იურგენ შტერლეპერი. ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური სტაბილურობა, ახალი ტექნიკური და პროგრამული საშუალებების დანერგვა, საერთაშორისო რეზერვების მართვა და ნაღდი ფულის მიმოქცევის ორგანიზება.   „დოიჩე ბუნდესბანკის“ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და საქართველოსა და გერმანიის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის ხარისხი პოზიტიურად შეაფასა.   საქართველოს ეროვნულ ბანკში იურგენ შტერლეპერის შეხვედრების დროს დაზუსტდა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2008 წლისათვის. კერძოდ, დაიგეგმა მრავალი ერთობლივი პროექტი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ლიკვიდობის პროგნოზირების, ფინანსური სტაბილურობის,  საერთაშორისო რეზერვების მართვის, რისკების, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის და საკასო ოპერაციების საკითხებში.   ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის გამოყენებული იქნება თანამშრომლობის ისეთი ფორმები, როგორიცაა სემინარების გამართვა  საქართველოსა და გერმანიაში, ასევე ქართველი სპეციალისტების სტაჟირება „დოიჩე ბუნდესბანკში“ და  სხვა სახის ტექნიკური დახმარება.     
სხვა სიახლეები