საქართველოს ეროვნული ბანკი გამოცდილებას მოლდოველ კოლეგებს უზიარებს
17-18 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკი მოლდოვის ეროვნული ბანკის დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დორინ დრაგუტანუ ხელმძღვანელობს და ვიზიტის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა.
დღეს ორი ქყვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი მოლდოველ კოლეგებთან ინტენსიურად თანამშრომლობს. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსაც, რომლის ფარგლებშიც მუდმივად მიმდინარეობს ურთიერთობა ორ ინსტიტუტს შორის. ჩვენი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებსა და ეკონომიკას მთლიანად დაახლოებით მსგავსი ტიპის გზის გავლა უწევს ბოლო წლებში. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და პრობლემების დაძლევის პრაქტიკების გათვალისწინება“.
„საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაცნობის რჩევა არაერთი უცხოელი კოლეგის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მივიღეთ. გასულ წელს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმიც გავაფორმეთ და ეს ვიზიტიც ამ მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტი აამოქმედა, ინერგება სისტემების მართვის მაღალტექნოლოგიური პროცესები. შთამბეჭდავია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი, რომელიც ნაღდი ფულის მართვის სრულიად ახლებურ სისტემაზეა დამყარებული და ერთის მხრივ, ბანკებს უმარტივებს ნაღდ ფულთან დაკავშირებლი ოპერაციების შესრულებას და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იცავს მომხმარებელს ყალბი და დაზიანებული ფულის ნიშნებისაგან. საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების დინამიკა იმ საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ნამდვილად ვაპირებთ საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მოხარული ვარ, რომ 2013 წლის მაისში კვლავ მექნება საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, „ჰოლანდიის ჯგუფის წევრთა შეხვედრაზე“, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელსა და ფინანსთა მინისტრებს უმასპინძლებს“, – განაცხადა მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დორინ დრაგუტანუმ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი, რომელიც 2012 წლის ივნისში გაიხსნა.
დღევანდელ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ საქართველოს ეკონომიკის ბოლო დროინდელი ტენდენციების შესახებ: „ამ საკითხთან დაკავშირებით მე გავიმეორებ იმ შეფასებას, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 19 დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილება საჯაროა და განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - http://www.nbg.gov.ge/index.php?m=339&n&newsid=2024. ბოლო მონაცემებით შეინიშნება ეკონომიკური აქტივობის შენელება მოთხოვნის მხრიდან. ამის პასუხად, ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკის შერბილება და როგორც მოგეხსენებათ ბოლო გადაწყვეტილებით შევამცირეთ რეფინანსირების განაკვეთი. ზოგადად, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იანვარი არის ეკონომიკურად პასიური თვე, ამიტომ მომდევნო 2-3 თვე იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გამოვიტანოთ დასკვნები და სწორი ანალიზი გავაკეთოთ. სწორედ ეს პერიოდი გვიჩვენებს რეალურ სურათს: საქმე გვაქვს ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ პრობლემასთან თუ ვითარება არის დროებითი, სეზონური, რომელიც ახასიათებს ხოლმე ამ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მოვლენებს, ვაანალიზებთ ამ პროცესებს და შემდგომი შეხვედრებისთვის მზად ვიქნებით დეტალურად ვუპასუხოთ საჯაროდ დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.