საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუჯეტში გათვალისწინებულზე 11 მილიონი ლარით მეტს გადარიცხავს
22 მარტი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „დელოით ენდ ტუში“, რომლის ექსპერტებმაც 2005 წელს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების გარე აუდიტი განახორციელეს.
ეროვნული ბანკის წმინდა მოგებამ 2005 წელს 57 640 000 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის საბჭომ იმსჯელა ბანკის მოგების განაწილების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობას ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 11 მილიონი ლარით მეტი, ანუ 51 მილიონი ლარი გადაურიცხოს.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან 2,1 მილიონი ლარი წარიმართება საწესდებო კაპიტალის მოცულობის შესავსებად, 4,54 მილიონი ლარი კი – გადაფასების რეზერვებში.
სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები მიმდინარე თვის ბოლოს ჩაირიცხება.