საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს შეხვედრებს ბიზნეს–სკოლებთან
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, ეროვნული ბანკის რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ერთად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს შეხვდა. მსგავსი შეხვედრების გამართვის ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკუთვნის და მის მიზანს საქართველოს წამყვანი ბიზნეს-სკოლების სტუდენტებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის პრაქტიკული მხარის გაცნობა წარმოადგენს.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შეხვედრაზე დავით ამაღლობელმა და ეროვნული ბანკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბანკის საქმიანობისა და ძირითადი ფუნქციების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედ წამყვან ბიზნეს-სკოლებთან თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, მათ წინაშე წარმოვაჩინოთ ეროვნული ბანკი და გავაცნოთ მისი ძირითადი საქმიანობა. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ მომავალში, უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, თუ ყველა მათგანი თავის კარიერას ეროვნულ ბანკს ვერ დაუკავშირებს, კერძო სექტორში მუშაობის დროს ეს ცოდნა საკუთარი მოვალეობის უკეთ შესრულებისათვის გამოიყენონ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.