საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის საპროგნოზო უცხოური ინვესტიციების შესახებ კვლევის პირველადი შედეგები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადასახდელო ბალანსის ცალკეული მუხლების პროგნოზირების მიზნით, მიმდინარე თვის განმავლობაში ადგილობრივი და უცხოური კომპანიების გამოკითხვა განახორციელა. კვლევა მიზნად ისახავდა 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში კერძო უცხოური კაპიტალის მოსალოდნელი მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას.
დღევანდელი მდგომარეობით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 119-მა კომპანიამ. გამოკითხვის შედეგების წინასწარი მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში კერძო სექტორის მიერ 1.74 მლრდ აშშ დოლარის წმინდა შემოდინებაა მოსალოდნელი. აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება ეროვნული ბანკის მიერ გამოკითხვის ჩატარებამდე არსებულ პროგნოზებს. 2009 წელს საქართველოში კაპიტალის შემოდინების მიხედვით, ლიდერობენ: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და აზერბაიჯანი.
გამოკვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, 2009 წელს საქართველოში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, დაახლოებით, 815 მლნ აშშ დოლარის, ხოლო პორტფელის ინვესტიციების სახით 33 მლნ აშშ დოლარის შემოდინება არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ერთობლივ სესხებსა და სხვა სახსრებს, ნავარაუდევია, დაახლოებით, 1 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვა.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევის შედეგები ასახავს მოლოდინებს და რეალური შემოდინება შესაძლებელია პროგნოზირებულისაგან განსხვავდებოდეს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია პროექტების კონცენტრაციის დონე. შესაბამისად, ინვესტიციების შემოდინების მთლიანი მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეული მასშტაბური პროექტების წარმატებაზე.
აღნიშნული ტიპის კვლევებს ატარებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების უმეტესობა. საქართველოს ეროვნული ბანკი 2006 წლიდან ახორციელებდა ანალოგიურ კვლევებს, თუმცა - შედარებით უფრო მცირე მასშტაბით. სამომავლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი მსგავსი გამოკითხვების განხორციელებას წელიწადში ორჯერ გეგმავს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის გამოკითხვაში მონაწილე ყველა კომპანიას, ხოლო დანარჩენ ორგანიზაციებს კი, რომლებიც მოელიან 2009 წლის განმავლობაში უცხოეთიდან სახსრების შემოდინებას ან პირიქით - უწევთ გადახდები, ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე: 442-571 ან შეავსონ კვლევის კითხვარი, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე.