პუბლიკაციაში განხილულია ქვეყნის ცენტრალური ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და ამოცანები. "ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. წარმოდგენილი პუბლიკაცია დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს და რა საქმიანობით არის იგი დაკავებული" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა.
გამოცემა განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის და მასში მოკლედაა მოცემული ფულის ისტორია მსოფლიოში, ცენტრალური ბანკის ისტორია საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობა, ორგანიზაცია და ამოცანები, დეტალურად არის მოთხრობილი ეროვნული ბანკის თითოეული ძირითადი ფუნქციის შესახებ. აგრეთვე, ახსნილია ინფლაციის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები, ფასების სტაბილურობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის და ეროვნული ბანკის როლი.
საქართველოში ცენტრალური ბანკის ისტორია სათავეს 90 წლის უკან იღებს. 1919 წლის 31 დეკემბერს, მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარე, იასონ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ 1919 წელს აცხადებდა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში უნდა იყოს არათუ უმთავრესი, არამედ ერთადერთი რეგულატორი ფულის ტრიალისა.
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა: მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაცვლითი კურსის პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა, ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფა, საგადახდო სისტემების მართვა-ოპერირება და სხვა.
გამოცემაში ასევე მოცემულია ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემებისა და ეროვნული ბანკის სათავო შენობის შესახებ.
გამოცემა 2000-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვიდა. მისი ავტორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტები. გამოცემა გავრცელდება საქართველოს ეკონომიკური პროფილის სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში, მისი ელექტრონული ვერსია კი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.