საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 65 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 65 მილიონი დოლარით გაიზარდა

12 აგვისტო, 2005
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის შედეგად მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით  20 მლნ  ლარამდე გაიზრდება – ასეთ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი.   მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა დაახლოებით 65 მლნ დოლარით გაიზარდა და  დღეისათვის  448 მლნ დოლარს შეადგენს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რეზერვების მართვის შედეგად მიღებული შემოსავალიც - წლის დასაწყისიდან ამ მაჩვენებელმა 10 მლნ ლარი შეადგინა. იგივე პარამეტრი 2004 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს შეადგენდა.    საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განმარტებით, წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის ტენდენცია, ძირითადად პრივატიზაციიდან მიღებულმა თანხებმა განაპირობა. ამასთან, 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის‘‘ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 20 მლნ დოლარის მოცულობის ტრანში ჩაირიცხა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო ასევე ეროვნული ბანკის მიერ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე შესყიდულმა უცხოურმა ვალუტამ. დავით ამაღლობელის პროგნიზით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების უფრო მაღალი ზრდის ტენდენცია მოსალოდნელია წლის მეორე ნახევარში, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან გრანტების მიღებაა ნავარაუდევი.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სავალუტო პოზიცია ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: 70% განთავსებულია აშშ დოლარებში, 30% - ევროში. აღნიშნული გადაწყვეტილება, დავით ამაღლობელის განმარტებით რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიცირება და რეზერვების მართვით მისაღები შემოსავლების გაზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რაც ძირითადად აშშ დოლარშია დენომინირებული.  დავით ამაღლობელის ინფორმაციით,  საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები  ამერიკის შეერთული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ასევე,   სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია   განთავსებული.   ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ათვლის წერტილად 1994 წლის 20 დეკემბერი, ანუ ის პერიოდი მიიჩნევა, როდესაც საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტის სახით პირველი ტრანში მიიღო, 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების  დინამიკა ასეთია: 2000 წელი – 109.4 მლნ. დოლარი 2001 წელი – 159.3 მლნ. აშშ დოლარი 2002 წელი – 197.7 მლნ. აშშ დოლარი 2003 წელი – 190.7 მლნ.აშშ დოლარი 2004 წელი – 382.8 მლნ. აშშ დოლარი 2005 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით – 448.6 მლნ. აშშ დოლარი.
სხვა სიახლეები