საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია

23 ივლისი, 2013

23 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი განათლებაშია, განსაკუთრებით ბევრი გვაქვს სამუშაო ეკონომიკური განათლების ამაღლების კუთხით, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ეს ჟურნალიც. ჩვენი ამოცანაა ეს ჟურნალი იყოს არა დახურული ტიპის პროფესიული გამოცემა, არამედ ღია ტრიბუნა. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, იქნება ეს სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი, ბანკირი თუ ეკონომისტი - ექნება შესაძლებლობა ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია  ამა თუ იმ ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით. ჟურნალში განხილული იქნება ყველა ის  საკითხი, რომელიც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომ მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება ამ ჟურნალის პირველი ნაბიჯები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

დღევანდელ პრეზენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწო: „ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა ეძლევა ქართველ ეკონომისტებს საკუთარი ნააზრევის გაზიარებისათვის, ფინანსთა სამინისტრო სიამოვნებით გაეცნობა მათ ნააზრევს და ასევე, ჩვენ შევთანხმდით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან, რომ ჩვენს ნააზრევსაც ამ ჟურნალის მეშვეობით გავუზიარებთ ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით ეკონომიკურ წრეებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

დღევანდელ შეხვედრას საბანკო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური ექსპერტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჟურნალი ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი გიორგი ბაქრაძეა.

ჟურნალის ელექტრონულად ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ ბლოგის მეშვეობით - http://nbg.gov.ge/bankjournal/, სადაც თემით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და მიიღოს კონკრეტული თემის განხილვაში მონაწილეობა. ჟურნალის ელექტრონული ვერსიის ნახვა მკითხველს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კველევებისა და გამოცემების“ რუბრიკაშიც შეეძლება  - http://nbg.gov.ge/index.php?m=618.

სხვა სიახლეები