საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის ირანელი ბანკირების დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ
26 აპრილი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 25 აპრილს შეხვდა ირანის საერთაშორისო განვითარების (ექსიმ) ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
ირანელმა ბანკირებმა სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი მისია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისათვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად, რისთვისაც ირანული დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ირანის საერთაშორისო განვითარების ბანკი მზად არის გამოუყოს საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, რომლის გამოყენებაც საქართველოს მხარეს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლება.
სებ-ის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ამ წინადადებისათვის და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს კომერციული ბანკების სისტემა მყარია და ბაზარზე სტუმრებს არ გაუჭირდებათ პარტნიორი ბანკის მოძიება, რომელიც აღნიშნული საკრედიტო ხაზის მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი ენერგოსექტორის სარეაბილიტაციოდ იქნება მიმართული, ამ პროექტში სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობაც არ არის გამორიცხული. თუმცა, აქვე დასძინა, რომ საკრედიტო ხაზის მომსახურება და გარანტიების საკითხები, საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ კომერციულ ბანკში უნდა განიხილებოდეს.
საუბრის დასასრულს აღინიშნა, რომ ქართული მხარე დეტალურად განიხილავს საკრედიტო ხაზის მომსახურების მისთვის სასურველ ფორმას და ამის შესახებ ირანულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს განაახლებს.