საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სომხეთის ბანკირთა დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სომხეთის ბანკირთა დელეგაცია მიიღო

06 მაისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მიიღო სომხეთის ბანკირთა დელეგაცია, რომელიც საქართველოში საქართველოს ბანკირთა ასოციაციის მოწვევით იმყოფება. შეხვედრაზე სომეხი ბანკირები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის საქმიანობით. ეროვნული ბანკი 12 კომერციულ ბანკთან ერთად ამ ბირჟის დამფუძნებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში საბირჟო სესიაზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე აყალიბებს. მსგავსი სტრუქტურა სომხეთში ამჟამად იქმნება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტით ვაჭრობაზე საკომისიო გადასახდელის 4-ჯერ შემცირება. ამ ეტაპზე აღნიშნული მაჩვენებელი გარიგების მოცულობის 0,1%-ს შეადგენს. ბირჟაზე საკომისიო გადასახადს იხდის როგორც ვალუტის მყიდველი, ასევე გამყიდველი, რაც, ჯამში, გარიგების 0,2%-ია. ეს, თავის მხრივ, საბირჟო გარიგებებში მონაწილე ბანკების ხარჯებს ზრდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ბანკებს შორის ბირჟის მეშვეობით სავალუტო ვაჭრობის მოცულობის ზრდას განაპირობებს. თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა სომხეთში საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემით, რომელიც ამ ქვეყანაში 2004 წლიდან ხორციელდება. საქართველოს მსგავსად, სომხეთსაც სათანადო კანონმდებლობის მომზადებასთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა „კა-ეფ-ვემ“ გაუწია. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ სომხეთის კომერციულ ბანკებში მოსახლეობის დეპოზიტების ოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. შეხვედრის ბოლოს საუბარი საქართველოსა და სომხეთის კომერციული ბანკების თანამშრომლობის შესაძლო განვითარების შესახებ წარიმართა.
სხვა სიახლეები