საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საკრედიტო ბიუროების ჩამოყალიბებაზე იმსჯელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საკრედიტო ბიუროების ჩამოყალიბებაზე იმსჯელა

14 ივლისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საბანკო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში საკრედიტო ბიუროების ჩამოყალიბების საკითხზე.   ერთი ასეთი ბიურო სამი ქართული ბანკის მონაწილეობით საქართველოში უკვე არსებობს. ბიუროს მეშვეობით ქართულმა ბანკებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია პოტენციური კლიენტის საკრედიტო წარსულის თაობაზე. საბანკო წრეებში მუშაობა საკრედიტო ბიუროების შესახებ კანონპროექტზე მიმდინარეობს. მისი შემუშავების პროცესში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, ანალოგიური ბიუროების ჩამოყალიბება საქართველოში ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ზრდისა და საქმიანობის გამჭვირვალობისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის მუშაობაშიც ეროვნული ბანკის ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. მისი თქმით, საკრედიტო ბიუროების ჩამოყალიბების იდეა, ზოგადად, მისაღებია, მაგრამ მის მიერ ინფორმაციის მიწოდება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამასთან, პირველ რიგში, იგი მხოლოდ საბანკო სისტემას უნდა შეეხოს.
სხვა სიახლეები